<<< სარჩევში დაბრუნება

ხალხური

* * * * *

ეჰა, განთიად აღსდგები,
ცისკარო, ნარგიზ ნარევო,
წარბო, აყრილო შვილდურად,
პირსუფთავ, მოცინარეო,
ღვთის მადლმა, შემიწყნარეო.
ქალო, რო წიგნი მოგწერე,
ქალო, ეშხითა მორთულო.
დღისით მზევ, ღამით მთვარეო,
ბრწყინვალე შუქურ ვარსკვლავო,
შენ ხმელეთისა მდარეო,
ვარსკვლავო სურვილისაო,
სული შენ მიიბარეო.
ქალო, ამ თვალთა ნათელო,
ქალო, სახე გაქვს მზისაო,
ქალო, შვენება ვინ მოგცა
სამოცი ვარსკვლავისაო.
მთვარე ხარ მანათობელი
იალბუზისა მთისაო,
შუქი ანათებს ქვეყანას
მაგ შენი თვალებისაო.
ცაში ნაბანო ვარსკვლავო,
ხელთ დასაჭერო მზისაო.
ვისაც შენ ჰყვეხარ, მასა აქვს
წყალობა მაღალ ღვთისაო,
გახსოვდე, მომიგონებდე,
მე შენთვის ცრემლი მდისაო.